ჟოზე სარამაგოს ცნობილი რომანი „მოგონებანი მონასტერზე“ ათეულობით ენაზეა ნათარგმნი. რომანი დაწვრილებით აღწერს შუასაკუნეებში ჟუან მეხუთის მეფობის ჟამს პორტუგალიაში ყველაზე დიდი სამონასტრო კომპლექსის აგების პროცესს, ლისაბონიდან 30 კილომეტრში, მაფრაში, მეფის პირველი მემკვიდრის სახელზე, თავდაპირველად ფრანცისკანელთა ორდენისათვის განზრახულ მონასტერს. შემდგომში, ის გადაკეთდა სასახლედ, სადაც ხდებოდა ოფიციალური მიღებები. ბაროკოს სტილის, ნეოკლასიკურ სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკა, უდიდესი სამეფო ბიბლიოთეკა და ფრანცისკანული მონასტერი. 1910 წელს, მონარქიის დაცემის შემდეგ კი ეროვნული მუზეუმია.
რომანი იწყება კომიკური სცენის აღწერით, თუ როგორ თამაშობს მეფე რომის წმ. პეტრეს ტაძრის მაკეტის აწყობა–დაშლით. ცნობილია, რომ მას სურდა პორტუგალიაშიც აეგო ამ ტაძრის ასლი, მაგრამ გერმანელმა არქიტექტორმა, რომელიც მაფრაში სასახლის მშენებლობას ხელმღძვანელობდა, გადააფიქრებინა. სამაგიეროდ, მაფრაში აგებული მონასტრის მშენებლობამ ფართო მასშტაბები მიიღო, მის აგებაში ჩართული იყო 50 000 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო კოლოსარული რაოდენობის ოქროსა და ბრილიანტით მომარაგება ხდებოდა პორტუგალიის იმდროინდელი კოლონიიდან, ბრალიზიიიდან. სარამაგუს ცნობით, პორტუგალიის სხვადასხვა რეგიონებიდან ძალით ხდებოდა მამაკაცთა ჩაყვანა მაფრაში სამუშაოდ. სარამაგუსათვის, ერის ტრაგედია– პიროვნების ტრაგედიაა, განსაკუთრებით მეფეთა და საეკლესიო პირთა ახირებებს შეწირულ უბრალო ადამიანთა თითოეული სიცოცხლე, შესაბამისად, მას ხშირად შემოჰყავს მათხოვრები, მუშები, მშენებლები რომანში.
ავტორის სტილი უჩვეულოა, მკითხველს თვალში ეცემა სასვენი ნიშნების სიმცირე, რაც კითხვის პროცესს აძნელებს, ფაქტობრივად, არ ხდება დიალოგების გამოყოფა აბზაციდან. სამაგიეროდ, მწერლის ენამახვილობა და იუმორის გრძნობა იმდენად სახალისოა, რომ ყოველივე ეს მეორეხარისხოვანი ხდება. მწერალი დასცინის მეფეებსა და საეკლესიო პირებს, მათი ყოველდღიური ცხოვრების წესს, უაზრო ცერემონიებსა და ეტიკეტებს, ასევე ამხელს, თუ როგორ ხდებოდა გულუბრყვილო მოსახლეობის საეკლესიო თემებით მანიპულირება და ინკვიზაციით დაშინება.
რომანის ერთ–ერთი მთავარი გმირი, ბერი მამა ბართოლომეუ ლოურენსო ეჭვს შეიტანს ყოველივე იმაში, რასაც ასწავლიდნენ და შთააგონებდნენ, და შემდგომ, თვითონ გადასცემდა მომავალ თაობას. მიუხედავად ინკვიზიციის შიშისა, მას რეალობად მიაჩნია საფრენი აპარატის შექმნა და გაფრენა, ამაში საიდუმლოდ ეხმარებიან ბალთაზარ შვიდი მზე და ბლიმუნდა შვიდი მთვარე, რომელთა სიყვარულის ეპიკური ისტორია ვითარდება რომანში.
ბართოლომეუ ლოურენსო დე გუსმანი, ისტორიაში ცნობილი, ჟუან მეხუთესთან დაახლოებული რეალური პიროვნებაა, ის ერთ-ერთ პიონერ კონსტრუქტორად ითვლება, რომელმაც შეიმუშავა საფრენი ხომალდის გეგმა. ერთ-ერთი ვერსიით მან მართლა შეძლო მისი აგება და გადაფრენა ლისაბონიდან ერთ კილომეტრში.
პასაროლას და მონასტერის აგებას, სიმბოლურად თითქოს ერთი და იგივე მიზანი აქვს, მიუახლოვდეს ღმერთს, დაამტკიცოს ადამიანის ღვთაებრივი საწყისი, შექმნას რაიმე ამაღლებული და მნიშვნელოვანი. თუმცა პასაროლას აგებაში მხოლოდ სამი ადამიანი და ჩუმად მოპარული ათასობით “ნება” მონაწილეობს. ხოლო იდეა, რასაც ემსახურება მონასტერის მშენებლობა, თითქოს კარგავს თავის მნიშვნელობას, როცა ამდენი ადამიანი ეწირება და განიცდის ტანჯვას, მწერალი ასკვნის, რა საჭიროა ამდენი ეკლესია–მონატრები, როცა მთელი დედამიწა ეკლესიაა?!
საბოლოოდ, პასაროლაც შეიწირავს თავის შემოქმედებს, მამა ბართოლომეუ მის დაწვას მოისურვებს, შემდგომ კი გაგიჟდება და ესპანეთში გადაიხვეწება, ხოლო ცალხელა ბალთაზარსბლიმუნდას თვალწინ დაწვავენ.
ფედერიკო ფელინი ამბობდა, რომ ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო რომანი, რომელიც კი წაუკითხავს და მის ეკრანიზაციასაც აპირებდა.
დღეს ვიყიდე. რომ დავინახე, მაშინვე შენ გამახსენდი. თანაც, სარამაგუს “ბრმათა ქალაქით” ისე მოვიხიბლე თავის დროზე, რომ ვიფიქრე, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წავიკითხო-მეთქი. რეცენზიას რომ გადავხედე, დღევანდელი პოლიტიკური რეალობა დამიდგა თვალწინ. ვნახოთ, ამჯერად რა ფიქრებსა და ემოციებს აღმიძრავს ბიძია ჟოზე.
პატივცემულო ავტორო, წაკითხული გექნება შენ ეს წიგნი, “ხავთასის გარჩევიდან” არ გადმოწერდი, ხოდა მაინტერესებს, კარგი წასაკითხია ქართულად? აი, როდის დამიწყია თურმე ეს წიგნი და ჯერ კიდევ პირველ გვერდებს არ გავცელილვარ. ან თარგმანი არ ვარგა, ან შესავალი. არადა, “ბრმების ქალაქი” ისე კარგად იკითხებოდა, მიუხედავად პუნქტუაციის ნაკლებობისა. სარამაგუმ ეს წიგნი ამ ხერხით აქვს დაწერილი: მხოლოდ წინადადებები გამოიყოფა ერთმანეთისგან წერტილით. თავად წინადადებებში პუნქტუაცია არ არსებობს. ამის მიუხედავად, მაინც მეგონა რომ აღწერილი მოვლენები კვირების მანძილზე გრძელდებოდა, არადა, რამდენიმე დღეში ხდება მოქმედება.
კი, ქართულად წავიკითხე, თარგმანს არაუშავს. ჰო, მეც დამაბრკოლა თავიდან პუნქტუაციამ, მერე დათომ ამიხსნა მიზეზი 😀 თავიდან მეც გამიჭირდა დასაწყისი, ერთი–ორჯერ თავი მივანებე, მერე გავაგრძელე ისევ. დათოს ინგლისურად აქვს “სახარება იესო ქრისტეს მიხედვით”, გეგმაში მაქვს სამომავლოდ.