ისტერიულად ბევრი იცინა, ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა მისი მეზობლებისთვის, რომ პოლიციაში დარეკვა იფიქრეს, თუმცა მერე სხვა მეზობლების კამათი უფრო საინტერესო სეირად ჩათვალეს და მალევე მიივიწყეს.
სამსახურში დიდი ენთუზიაზმით წავიდა. ყველა თანამშრომელ ქალს კომპლიმენტი უთხრა (უფროსის გარდა). ყველაზე მოსაწყენ, თაროებზე შემოდებულ საქმეებს მიუბრუნდა. შემდეგ ისე გაერთო, რომ ლანჩზე წასვლა და თავისი საყვარელი ბოსტნეულის სენდვიჩი არც გახსენებია. საღამოს გაღიმებული ავიდა ტროლეიბუსში, სამგზავრო ბილეთისგან ქაღალდის გემი გააკეთა და კონდუქტორს ხელში ჩაუდო. სახლში შესვლისთანავე ბაბუამისს ეცა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში შავ ჩარჩოში ჩასმული ამაყად დასცქეროდა კედლიდან. ყველა რუსულ სოფელს თავისი იდიოტი ჰყავსო, ყველა ქართულ ოჯახს კი თავისი გმირი, პროფესორი, ექიმი, ერთი სიტყვით დიდი კაცი, თუნდაც ეს უკანასკნელი გარე ბიძაშვილის მაზლი იყოს. გამონაკლისი არც მისი ოჯახი ყოფილა. მათ ჰყავდათ თავიანთი ომის გმირი – ბაბუა, რომელიც სამამულო ომში დაკარგულად ითვლებოდა. გმირი ბაბუა მთელი ოჯახისთვის ეტალონად იყო ქცეული და დაახლოებით იმდენივე დამსახურება მიუძღოდა მათი მორალური და ეთიკური ნორმების ჩამოყალიბებაზე როგორც კონფუცის ან სიდჰარტა გაუტამას იაპონელთა ცხოვრებაზე. სახელიც კი ბაბუის ერგო; შესაბამისად მისი სახელი და გვარი, უფრო მეტად, ღრმად მოხუცებული, რადიკულიტიანი პენსიონერის ასოციაციას იწვევდა, ვიდრე ჯან-ღონით თუ არა, იმედებით აღსავსე ყმაწვილისა.
ბაბუს სურათი ჩამოხსნა. გულში აღიარა რომ მისი ულვაში ყოველთვის ჰიტლერისას აგონებდა. მიუხედავად იმისა რომ ბაბუა ფოტოზე შავგრემანი, ბრგე, აპოლონისეული ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ხოლო თვითონ გამხდარი და სუსტი აღნაგობა ჰქონდა, ფერმკრთალი სახე და წითური თმა კი “სათნო” იერს აძლევდა, მაინც ყოველთვის ბაბუას ამგვანებდნენ. ბავშვობაში პორტრეტის გვერდით დააყენებდნენ და ამბობდნენ: იერით ჩამოჰგავსო. თუკი რაიმეს დააშავებდა, მაგალითად რვეულში მინდორს არ დაიცავდა, ან იცელქებდა, მამამისი სალექციო კურსს უკითხავდა, სათაურით – “აი, ბაბუაშენი”. იმ დროს მხოლოდ ერთი რამის გარკვევა უნდოდა, ჰქონდათ თუ არა რვეულებს მინდვრები ბაბუამისის მოსწავლეობის ჟამს. დადიოდა თუ არა ბაბუამისი სკოლაში. ჰქონდა თუ არა მის დამრიგებელსაც დიდი მკერდი, რომელსაც მაგიდაზე ასვენებდა.
ბებია, ძილის წინ, ზღაპრების ნაცვლად ბაბუაზე უყვებოდა, ამიტომ ექვსი წლისამ უკვე იცოდა ისტორია, ოღონდ ბაბუის და არითმეტიკა, რათა გამოეთვალა მნიშვნელოვან თარიღებს შორის მანძილი. საკვირველია, რომ უმნიშვნელო ბაბუის ცხოვრებაში არაფერი ყოფილა.
ბავშვობიდან არქეოლოგობაზე ოცნებობდა. იმ დღეზე, როცა ბაბუის საფლავს მიაგნებდა, სადაც დახვდებოდა უამრავი მედალი და ჩინი. თუმცა მამამ სხვა პროფესია ურჩია, ასე უთხრა, ის ისურვებდა ბუღალტერი გამხდარიყავიო. გახდა კიდეც. ნამარხების ნაცვლად ქაღალდებში იქექებოდა და მედლების ნაცვლად რიცხვებს ითვლიდა.
ყოველ ხუთ წელიწადში ახსნა-განმარტებით ბარათებს წერდა ბაბუის სახელზე. უხსნიდა რატომ ვერ გახდა გმირი; ასაკთან ერთად არგუმენტებიც ემატებოდა, წერდა: “ძვირფასო ბაბუა, ძალიან მინდოდა ჯარში წასვლა, ომში თავის გამოჩენა, შენსავით ტანკს შევვარდნოდი, მაგრამ კომისარიატში უარი მითხრეს, ბრტყელტერფიანობის გამო, ნეტავ შენს დროს თუ იწუნებდნენ ამ საბაბით. მოხალისედ მაინც წავიდოდი, მაგრამ ომი ჯერ არ დაწყებულა.” ეს იყო ფსიქოლოგიური ხარაკირი, თავის უდიდესი გამართლება, ცისა, ადამიანთა და ბაბუის წინაშე.
შავ-თეთრი ფოტო ჩარჩოდან გამოიღო, ფერადი ფანქრები მოძებნა, მყუდროდ მოკალათდა სავარძელში და გაფერადებას შეუდგა. ძნელი სათქმელია, ვინ უფრო მეტ სიამოვნებას იღებდა, ენდი უორჰოლი მერლინ მონროს გაფერადებისგან თუ თვითონ. თავის ნამუშევარს კმაყოფილებით აღსავსემ დახედა, ასე ახლოს, ასე მშვიდად ბაბუსთან არასოდეს ყოფილა, ასეთი ფერადი ბაბუაც არასოდეს ჰყოლია.
ეს უეცარი ცვლილება დღეს დილით მიღებულმა, სამოცდახუთი წლით დაგვიანებულმა ამანათმა გამოიწვია. ამანათში ბაბუის ნივთებთან ერთად, სამკუთხედად გადაკეცილი ყვითელი წერილი იდო. ხელის კანკალით გახსნა და კითხვას შეუდგა: “ ჩემზე ნუ ნერვიულობთ აქ კარგად ვარ, ღამღამობით ცივა და თბილ წინდებს ვიცმევ, ფრონტიდან შორს ვარ, ჩემი უმთავრესი მოვალეობა კარტოფილის ფცქვნაა…” მეორე წერილში სანიტარის დასკვნა იდო : “სიკვდილის მიზეზი – კუჭის მწვავე გაუვალობა”.
ALTER ბაბუ
ნოემბერი 12, 2011 by litartblog
“უსიერ ტევრში ამ ცხოვრების ნახევარგზაზე
ანაზდეულად გამოვფიხზლდი გზადაკარგული
ენა ვერ იტყვის თუ რამდენად იყო ტყუილი.”
დანტე “ჯოჯოხეთი”
3 ნოემბერი, 2011 წ. ლოპოტა
Advertisements
ჩემი ფავორიტი:*